რა არის ტელემედიცინა? მისი უპირატესობები და როლი ჯანდაცვის თანამედროვე სისტემაში

ტელემედიცინა - ინოვაციური მეთოდი


სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენისას, მედიცინა მოწინავე პოზიციებს იკავებს. ტელემედიცინა, ანუ დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები და სერვისები, სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. მედიცინის ამ ინოვაციურ მიმართულებას მრავალი სარგებელი მოაქვს როგორც პაციენტებისთვის, ასევე მედიცინის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის.. 
მოდით გავეცნოთ თუ რას წარმოადგენს ტელემედიცინა, რაშია მისი ძირითადი უპირატესობები და როგორ გარდაქმნის იგი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემას.

რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა არის მიმართულება, რომელიც იყენებს სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სამედიცინო სერვისების დისტანციურად მიწოდებისთვის. ის მოიცავს ექიმებთან კონსულტაციებს რეალურ დროში, სამედიცინო ინფორმაციის გაცვლას, პაციენტის მდგომარეობის დისტანციურ მონიტორინგს და ა.შ.. ვიდეოზარების, მობილური აპლიკაციებისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით პაციენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.

ტელემედიცინის უპირატესობები:
  • ხელმისაწვდომობა: ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის არეალის გაზრდა. პაციენტებს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე გადაადგილება შეზღუდულ პაციენტებს, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება;
  • მოხერხებულობა: აღარაა საჭირო პაცინეტის გადაადგილება სამედიცინო დაწესებულებაში, მას სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ჩაიტაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, ან მიიღოს მისგან სამედიცინო დანიშნულება და რეკომენდაციები;
  • ეფექტურობა: ქრონიკული დაავადებების მონიტორინგის და სამედიცინო კონსულტაციის დროს, ტელემედიცინა მეტად ეფექტური და ბიუჯეტურია ვიდრე ტრადიციული ვიზიტები ექიმთან;
  • გადაუდებელი დახმარება: იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და გადაწყვეტილების დროულ მიღებას, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით ტელემედიცინას შეუძლია უზრუნველყოს ექიმის გადაუდებელი ჩართულობა კრიტიკულ მომენტში.
  • ალტერნატიული მოსაზრება: პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ალტერნატიული მოსაზრება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზღვარგარეთ მყოფი ექიმებისგან, ასევე შესაძლებელია ობიექტური დასკვნის მიღება სამედიცინო კონსილიუმის საფუძველზე;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი: ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს დისტანციურად აკონტროლონ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უზრუნველყონ დროული სამედიცინო ჩარევები და მკურნალობის გეგმების კორექტირება;
  • ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირება: ფიზიკური ვიზიტების საჭიროების შემცირებით და მკურნალობის პროცესისების ოპტიმიზაციით, ტელემედიცინა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვის.

ტელემედიცინის როლი ჯანდაცვის თანამედროვე სისტემაში

ტელემედიცინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არღვევს გეოგრაფიულ ბარიერებს, ზრდის ხელმისაწვდომობას სამედიცინო სერვისებზე და პაციენტის კომფორტს. ის გახდა ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი პროცესების როგორებიცაა, პირველადი სამედიცინო დახმარება, სპეციალისტების კონსულტაციები, ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ქირურგიული შეფასებაც კი. გარდა ამისა, ტელემედიცინა ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის მატერიალური და ადამიანური რესურსების განაწილების ოპტიმიზაციას, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შემცირებით და ფიზიკური ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე დატვირთვის შემცირებით.

გააზიარე