ამ პერიოდში, საქართველოს უნივერსიტეტებიდან, უმთავრესად კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, შერჩეული იყო 550 სტუდენტი და რეზიდენტი, რომელთაც როგორც სტიპენდიანტებმა, სრულყოფილი დაფინანსებით, წარმატებით გაიარეს 3-6 თვიანი სტაჟირება/პრაქტიკული საქმიანობა, მიუხენის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
ამჯერადაც, 2023 წლის იანვრის თვიდან, სრულყოფილად დაფინანსდა 2 თვიანი სასწავლო პროგრამა კლინიკუმ ვაილჰაიმის, კლინიკუმ შონგაუს და კლინიკუმ ლანდსჰუტის მულტიპროფილურ კლინიკებში. ზემოთხსენებული კლინიკები წარმოადგენენ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU-München) აკადემიურ-კლინიკურ ბაზებს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სტუდენტები, მთელი გასული წლის პერიოდში, ინტენსიურად იყვნენ ჩართულნი გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრის, "დოიჩესდიაგნოსტიკუმის" ბაზაზე, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის პროცესებში, რაც სტუდენტების შერჩვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გახლდათ. პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სტიპენდიანტები სრულად უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო ხარჯებით და ასევე ყოველთვიურად 300 ევრო სახელფასო ბიუჯეტით.
ნოდარ გრიგოლიას სახელობის საერთშორისო მედიცინის განვითარების ფონდი "ცოდნა", მისი ღირსეული მემკვიდრე პროფესორი გიორგი გრიგოლია და გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი "Deutsches Diagnosticum" კვლავაც განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალი თაობების პროფესიული განვითარებისათვის.
სტუდენტები გვიზიარებენ თავის აზრსა და დამოკიდებულებას, თუ რა მოლოდინები და გეგმები აქვთ სტაჟირების გავლის შემდგომ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეტაპი მათი პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
- ოთარ ჭანკვეტაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. - ამჟამად სამ თვიანი სტაჟირების კურსით მივდივარ ქირურგიული განხრით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაძლებლობა რომელიც ჩვენ, დოიჩეს მეგობრებს, ასისტენტებს მოგვეცა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სამედიცინო სფეროში, რამეთუ ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით მსოფლიოში მოწინავე ექიმებს, ახალ მიღწევებს მედიცინაში და ვიქნებით ამ პროცესების თანამონაწილეები და გამზიარებლები. ეს კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენი პროფესიული და კარიერული წინსვლისათვის.
- დავით გიუნაშვილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. - ვფიქრობ სამომავლოდ სწავლა განვაგრძო გერმანიაში, მსურს რეზიდენტურის პერიოდი იქ გავიარო, ამიტომ ეს პროგრამა ჩემთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგანაც ის გამოცდილება და ცოდნა რომელსაც შევიძენ ვფიქრობ დამეხმარება ჩემი მიზნების ამ კუთხით განვითარებაში. ვაპირებ ონკო-ქირურგიისკენ ავიღო გეზი ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში გავივლი ზოგად ქირურგიას.
- თამარ ზარქუა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. - ვიღებ მონაწილეობას პროგრამაში და მაქვს დიდი იმედი რომ ეს პროგრამა დამეხმარება, როგორც პროფესიული, კლინიკური უნარჩვევების განვითარებაში, ასევე პიროვნული უნარჩვევების განვითარებაში. მაქვს გამოცდილება საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და ძალიან დამეხმარა, ვაპირებ გერმანიაში რეზიდენტურის გაგრძელებას და ამიტომ ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, როგორც ენობრივი კუთხით ასევე ცოდნის შესაძენად.